დადიანების სასახლე


  
  ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
ფაილი:Dadiani Palazzio.png     მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითისნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.
     ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარდადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.
    დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
     დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევისმიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.
     მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
     მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები .


www.ka.wikipedia.org






         ისტორია
ზუგდიდში დადიანების სასახლის მუზეუმის დაარსება პირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის პერიოდში (საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლამდე) სცადეს. 1919 წლის იანვარში რესპუბლიკის ჯერ კიდევ ნორჩმა პარლამენტმა გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ექსპროპრიირებული სამეფო ქონება სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა. იმავე წლის დეკემბერში საკონსტიტუციო საბჭოს ორმა წევრმა შეამოწმა დადიანების სასახლე (დედოფლის სასახლე) ზუგდიდში, რათა ისტორიული ღირებულების მქონე ნივთები თბილისში ჩამოეტანათ. ქონების მეურვემ და მცველმა ვლადიმერ ალშიბაიამ ითანამშრომლა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ საიდუმლო გვირაბიც კი უჩვენა, სადაც დადიანები ძნელბედობის ჟამს თავიანთ განძეულს ინახავდნენ. შედგა ოქმი და შერჩეული ნივთები თბილისში გადმოიტანეს.




      1920 წლის თებერვალში ზუგდიდის ადგილობრივმა ლიდერებმა მოაწყვეს შეხვედრა, რომელზედაც დადიანების ოჯახის ქონების საკითხი იქნა განხილული. გადაწყდა, რომ ხალხის შრომით აშენებული სასახლეები ხალხს უნდა დაჰბრუნებოდა. თუმცა ეს კონკრეტულად რას ნიშნავდა, არ დაზუსტებულა და ამიტომ გადაწყვეტილება არ განხორციედა. მოგვიანებით დადიანის სასახლის მუზეუმად გადაკეთების კონკრეტული იდეა იქნა შემოთავაზებული, მაგრამ პოლიტიკური ნება და შესაბამისი დაფინანსება ჯერ კიდევ არ არსებობდა.
           დადიანის სასახლის მუზეუმად გადაკეთების საკითხი დღის წესრიგში ინტენსიურად დადგა მხოლოდ მას მერე, რაც 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. 1921 წლის მაისში რეგიონის რევოლუციური კომიტეტის მიერ წამოყენებული ინიციატივის საფუძველზე სასახლის ტერიტორიაზე სამეგრელოს მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის პირველმა დირექტორმა ა. ჭანტურიამ უშურველად იზრუნა სასახლესა და მასში გამოფენილ საგანძურზე.
1980 წელს მუზეუმი გაარემონტეს და სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ სასახლის კედლები თავდაპირველად XIX საუკუნის ევროპულ სტილში იყო მოხატული, რომელიც სრულიად არ ჰგავდა საღებავის იმ უღიმღამო ფენას, რომლითაც იგი მოგვიანებით დაფარეს. სამწუხაროდ, წინა ათწლეულების მანძილზე კედლების მრავალჯერმა გადაღებვამ თავდაპირველი მოხატულობის აღდგენა შეუძლებელი გახადა. დღეისათვის სასახლის ინტერიერის პირვანდელი იერსახე მხოლოდ ჩანახატებისა და ფოტოების მეშვეობით შეიძლება წარმოვიდგინოთ.
კოლექცია
მუზეუმის კოლექცია 45000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ 1919 წლის ექსპროპრიაციის პერიოდს მიეკუთვნება; დანარჩენები სასახლეს მოგვიანებით შეემატა. ისინი ისტორიის ათასწლეულებს ასახავენ და რამდენიმე უაღრესად უნიკალურ ნივთს შეიცავენ, როგორებიცაა ნაპოლეონის სიკვდილშემდგომი ნიღაბი და კვართი, რომელიც, თქმულების თანახმად, წმინდა მარიამს ეკუთვნოდა. ნაპოლეონის ნიღაბი დადიანის სასახლეში სალომე დადიანი-მიურატის მეშვეობით აღმოჩნდა, რომელიც ნეპოლეონის დისშვილზე, აშილ მიურატზე იყო დაქორწინებული. რაც შეეხება ღვთისმშობლის კვართს, არსებობს უამრავი ისტორია, რომელიც მისი საქართველოში მოხვედრის ამბავს გადმოგვცემს. მათგან ყველაზე პოპულარული მოგვითხრობს, რომ 1453 წელს, თურქების მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ, კვართი სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად არქიეპისკოპოსმა ჩამოიტანა. ყოველწლიურად, აგვისტოში, სამოსს გამოაბრძანებენ; დანარჩენ დროს იგი ე.წ. ქალწულის კოშკში ინახება.







კოლექციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დადიანის ბიბლიოთეკა, სადაც ათასობით ხელნაწერი, იშვიათი წიგნი და ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი ბიბლიოთეკიდან წამოღებული ტომებიც ინახება. 1927 წელს საბჭოთა მთავრობამ ბიბლიოთეკის თბილისში გადმოტანა მოისურვა, მაგრამ მუზეუმის დირექტორმა ჭანტურიამ დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ ბიბლიოთეკა მუზეუმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და ის სასახლეში უნდა დარჩენილიყო.
სასახლის ბიბლიოთეკა
მუზეუმის აბჯარ-იარაღის კოლექცია 200-ზე მეტ ხმალს, პისტოლეტს, თოფსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. უმრავლესობა მათგანი ნადავლს წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთი რუსეთის ხელმწიფეთა ნაჩუქარია. სასახლის ავეჯი ფრანგული და რუსული წარმოებისაა და ზოგიერთი ნივთი მოოქრულია ან ოსტატურად მოჩუქურთმებული.
სასახლის ინტერიერი
მუზეუმში მრავალი სხვა საინტერესო ექსპონატია, რომლებიც დადიანების ოჯახმა წლების მანძილზე შეაგროვა. ესაა ნივთები, რომლებიც ჩინეთისა და იაპონიის საიმპერატორო ოჯახებს ეკუთვნოდა; ნივთები რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების არისტოკრატიული ოჯახებიდან; და, ასევე, დავით დადიანის მონეტების კოლექცია, რომელშიც შედის იშვიათი მონეტები ანტიკური რომიდან და საბერძნეთიდან.
მუზეუმის კოლექცია მას შემდეგაც ივსებოდა, რაც დადიანების მამული სახელმწიფოს გადაეცა. ზოგიერთი ექსპონატი შეგროვდა გამოფენებისთვის, რომელთაც უნდა წარმოეჩინათ საბჭოური ცხოვრების წესი რეგიონში, ზოგი კი მუზეუმის დირექტორ ჭანტურიას მიერ მოწყობილი არქეოლოგიური ექსპედიციების მეტად ღირებული მონაპოვარია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1935 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი კოლხური ნასახლარი. იგი წყლის დონეზე მაღლა იყო ამომართული, რაც ადასტურებს ჰიპოკრატეს ცნობებს კოლხთა უცნაური და თავისებური ცხოვრების წესის შესახებ. ამ ადგილზე ნაპოვნი ნივთები დადიანების სასახლის მუზეუმში იქნა გადატანილი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუზეუმის კოლექცია მდიდრდებოდა; მაგალითად, მოხდა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შეძენა და მოპარული ნივთების დაბრუნება.
ამჟამინდელი სტატუსი
სამწუხაროდ, მუზეუმის შენობა და კოლექცია დღეისათვის სავალალო მდგომარეობაშია.
საბჭოთა პერიოდში კომუნისტური ლიდერები ხშირად იჩენდნენ უდიერ და მტრულ დამოკიდებულებას მუზეუმის მიმართ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის შექმნის პირველი წლებიდანვე ბოლშევიკები სამუზეუმო ექსპონატებს პოლიტიკურ ნაალაფრად მიიჩნევდნენ და ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები ათასობით ნივთს ან “სესხულობდნენ” ან მათ ისინი “საჩუქრების” სახით ურიგდებოდათ. ზოგი პოლიტიკური ლიდერისთვის მიუღებელი იყო აზრიც კი იმის შესახებ, რომ წინასაბჭოური საძულველი არისტოკრატიის ცხოვრებისა და საერთოდ იმ დროის შესახებ მასალები რაიმე ფორმით უნდა შენარჩუნებულიყო; ისინი მუზეუმებს აიძულებდნენ შეეძინათ ეთნოგრაფიული ხასიათის ნივთები ან სულაც პროპაგანდისტული მისია ეკისრათ. ნაწილობრივ, ამგვარი ოფიციალური გულგრილობის გამო საბჭოთა ეპოქის მთელი 70-წლიანი არსებობის პერიოდში მუზეუმს შედარებით მცირე მასშტაბის რემონტი ერთხელ, 1980 წელს, ჩაუტარდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ომებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რის გამოც ახალი მთავრობის პრიორიტეტების ჩამონათვალში მუზეუმის გარემონტებამ ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. საბედნიეროდ, ზოგიერთი საკოლექციო ნივთი (ზოგიერთი ფერწერული ტილოს, სასახლის ორნამენტული ჭიშკრისა და რამდენიმე სხვა ექსპონატის ჩათვლით) კერძო პირების ძალისხმევის შედეგად იქნა აღდგენილი. მაგრამ ძირითადი კოლექცია – წიგნები, ხელნაწერები, აბჯარ-იარაღი, ფოტოები, ავეჯი, ტილოები – კვლავ სასწრაფო რესტავრაცია-კონსერვაციას საჭიროებს; აგრეთვე დაუყოვნებლად უნდა ჩატარდეს კვლევა მუზეუმის ექსპონატთა ისტორიული ფონის შესწავლისა და კატალოგიზაციის მიზნით.



                                                                                           

       დადიანების მთელმა თაობებმა საქართველოში, ისევე როგორც რეგიონის სხვა ნაწილებში, სასახლეები, ციხე-კოშკები, ეკლესიები და რეზიდენციები ააშენეს, მაგრამ მათი უმრავლესობა დაანგრიეს და სხვა ნაგებობებით ჩაანაცვლეს. თუმცა ის შენობები, რომლებიც გადარჩა და ის ნახაზები და ჩანაწერები, რომლებიც განადგურებული შენობებიდან შემოგვრჩა, დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენ მიერ იმ ადამიანების შეცნობაში, რომლებიც შთააგონებდნენ, აპროექტებდნენ და აშენებდნენ ამ შენობებს და შემდგომ მათში ცხოვრობდნენ.
საუკუნეების მანძილზე დადიანების სამთავრო ზუგდიდიდან იმართებოდა და სწორედ დადიანების ზუგდიდის რეზიდენციების კომპლექსი წარმოადგენს სამეფო არქიტექტურის ერთ–ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშს, რომელიც დადიანების საგვარეულოს უკავშირდება.
ლევან II დადიანის მეფობის (1611-1657) დროინდელი რეზიდენციის გარეგნული სახის დეტალური აღწერა 1628-1654 წლებში სამეგრელოში მყოფი კათოლიკე მისიონერის, დონ ქრისტოფორო დე კასტელის წერილობით აღწერილობასა და ნახაზებშია მოცემული. ამ ნაწერებში აღწერილია მასიური, სამსართულიანი შენობა ორმაგი გადახურვით, სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის 17 ფანჯრით, ორი აივნითა და მიშენებით, რომელსაც კოშკი ამშვენებდა. მაღალ კედელში, რომელიც ეზოს ერტყა, კოშკები და ჭიშკრები იყო დატანებული. სამრეკლო და საკარო ეკლესია აგრეთვე მთელი ამ ხედის ნაწილს წარმოადგენდა.
XIX საუკუნეში ამ კომპლექსის აღმშენებლობამ და ლანდშაფტის მოწყობამ ზენიტს მიაღწია, რის შედეგადაც მრავალი ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის შენობა აიგო. ესენია: დავით დადიანის სასახლე, დედოფალ ეკატერინეს სასახლე, მიურატების სასახლე, ბოტანიკური ბაღი და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ შენობები ახალი აგებული იყო, მათი დიდი ნაწილი ომებს, ხანძრებსა და საბჭოთა რეჟიმის მხრიდან მიუტევებელ იგნორირებას ემსხვერპლა.
დავით დადიანის სასახლე
სამეგრელოს ბოლო მმართველის დავით დადიანის (იგი ამ რეგიონს 1840-1853 წლებში მართავდა) სასახლის ზოგიერთი ნანგრევი დღესაც არსებობს. ეს სასახლე მისი ოფიციალური რეზიდენცია იყო. სასახლის ნანგრევები ზუგდიდის სარეზიდენციო კომპლექსში, ბოტანიკური ბაღის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს. ამ სასახლის მშენებლობა 1837 წლის ბოლოს ან 1938 წლის დასაწყისში დასრულდა. ეს ორსართულიანი სასახლე 28 ოთახისაგან შედგებოდა. მისი შუა ნაწილი ქვისგან იყო აშენებული, ხოლო წაბლის ხისგან ნაგები დამატებითი ოთახები მოგვიანებით მიაშენეს.
სასახლე თურქების გენერლის, ომარ ფაშას ჯარმა 1855 წელს დაიკავა და მასში სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო. მეგრელების მიერ ზუგდიდის განთავისუფლების შემდეგ უკან დახევისას, თურქებმა შენობა მთლიანად გადაწვეს. მოგვიანებით სასახლე აღდგენილ იქნა და რეგიონში რუსეთის იმპერიის მიერ დასმულ გუბერნატორს გადაეცა. ამის შემდეგ, სულ მალე, სასახლეს კიდევ ერთხელ წაეკიდა ცეცხლი და იგი მთლიანად განადგურდა. მეორედ იგი არ აღუდგენიათ; აღდგენის ნაცვლად გადარჩენილი ქვის კედლები დაშალეს და მასალა ნიკო დადიანის სასახლის ასაშენებლად გამოიყენეს.
ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის რეზიდენციების კომპლექსში დიდ ფართობზე გაშენებული ბოტანიკური ბაღიც შედიოდა, რომელიც იტალიელი ლანდშაფტის არქიტექტორის, იოსებ ბაბინის მიერ იყო დაპროექტებული. მასში ორანჟერეა, ლაბირინთი, სანერგე, სათბური და ხელოვნური ტბა შედიოდა. ბაღი სავსე იყო მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური მცენარეებით, მათ შორის აღსანიშნავია უმშვენიერესი ვარდების კოლექცია. 1840 წელს, ბაღის გაშენებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ამ ბაღმა პირველი ადგილი დაიკავა კონკურსში, რომელიც რუსეთის იმპერიის საუკეთესო პარკის გამოსავლენად გაიმართა.
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დიდებული სასტუმრო იყო აშენებული. ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც აქ 1848 წელს გაჩერდა, აღწერდა ორ ულამაზეს კიბეს, რომლებიც ბოლო სართულზე მდებარე ორი სამეჯლისო დარბაზისაკენ მიემართებოდა. ორივე დარბაზს ამშვენებდა შავი და ყვითელი ხის მოჩუქურთმებული ჭერი, ჭაღები და ქანდაკებები. განათებული აივნები მთელ ნაგებობას გასდევდა, ხოლო მათ სვეტებში ხის ორნამენტები იყო ამოტვიფრული.
დავით დადიანმა ბოტანიკური ბაღი თავისი მეუღლის, ეკატერინესათვის ააშენებინა, რომელიც დაგეგმვის ყველა ასპექტს თავად ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც უკან დახევისას თურქების არმიამ ბაღი ვანდალურად გაანადგურა, უაღრესად დამწუხრებულმა ეკატერინემ თავის მრჩეველს, პლატონ იოსელიანს წერილი მისწერა:
„ზუგდიდი აღარ არსებობს. ბაღის მიდამო, – თექვსმეტი წლის შრომის ნაყოფი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ კავკასიის ამ რეგიონში, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებშიც კი, – მტერმა მთლიანად მიწასთან გაასწორა. ხილი, ყვავილები, უცხოეთიდან ჩამოტანილი მცენარეები განადგურებულია; ზოგიერთი თან წაიღეს, ზოგიერთი კი მოჭრეს“.
მიუხედავად ამისა, ეკატერინეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბაღის აღდგენა; იგი თანდათანობით, თავიდან გააშენეს, რითაც მას ძველი ხიბლის ნაწილი დაუბრუნდა. თუმცა 1882 წელს ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ მის ვაჟ ნიკოს ზუგდიდის რეზიდენციისა და მისი ბაღების ბედი დიდად არ აღელვებდა. 1886 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა:
„ზუგდიდიდან გვატყობინებენ, რომ თუმცა ქალაქი გეგმის მიხედვითაა გაშენებული და იქ არის ბულვარი ორივე მხრიდან ჩარიგებული ხეებით, სისუფთავითა და დახვეწილობით იგი მაინც ვერ დაიკვეხნის. დავით დადიანის ბაღი ქალაქის მშვენებას წარმოადგენდა, რომელსაც ტოლი არ მოეძებნებოდა არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელ კავკასიაში. მაგრამ სადღაა ახლა ეს დიდებული ბაღი? მისი ჩრდილიც კი აღარ არსებობს. ახლა იგი უდაბურ ტყედ არის ქცეული, რომელშიც ადამიანების მაგივრად, მგლები, ტურები და სხვა გარეული ნადირი ბინადრობს; ასე რომ, მზის ჩასვლის შემდეგ ადამიანი იქ შესვლასაც კი ვეღარ ბედავს“.
დღეისათვის მცენარეები გაველურებული და გადაბერებულია, ხოლო კედლები სიძველისაგან იფშვნება, მაგრამ მაინც შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ის დიდებულება და სიმშვიდით აღბეჭდილი სილამაზე, რაც ამ ბაღს იმხანად გააჩნდა. მის გარშემო მდებარე ტერიტორიას კვლავ ამკობს ხეები, რომლებიც თავის დროზე ინდოეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩამოიტანეს.
მიურატების სასახლე
მოხდენილი სასახლე, რომელშიც ეკატერინეს ქალიშვილი სალომე თავის ფრანგ მეუღლე აშილ მიურატთან ერთად ცხოვრობდა, ზუგდიდის რეზიდენციის ნაწილად XIX საუკუნის ბოლოს იქცა. ეს სასახლე ძირითადად ხისგან იყო აგებული და 24 ოთახისგან შედგებოდა. ამ უნიკალური ნაგებობის ფოტო შემოგვრჩა, მაგრამ თავად შენობა დიდი ხანია აღარ არსებობს. როგორც სასახლემ, ასევე მისმა მფლობელმაც ტრაგიკული ბედი გაიზიარეს.
მიურატების სასახლე ზუგდიდში
1895 წელს სასახლე ცეცხლმა გაანადგურა. მწერალი სერგი ჭილაია ასე აღწერს ამ მღელვარე სცენას:
„მიურატების ულამაზესი სასახლე იწვოდა და მშველელი არსად ჩანდა. მსახურები ტიროდნენ და გაკიოდნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ხის ნაწილი მთლიანად ჩაიფერფლა, – სასახლეს მხოლოდ ჩონჩხად წამომართული დანახშირებული აგურებიღა შემორჩა. მსახურებმა გადარჩენილი ავეჯი ერთ კუთხეში მოაგროვეს და თითოეულ ნივთს, როგორც გარდაცვლილ ადამიანს, ისე დასტიროდნენ“.
ამ ხანძრიდან ცოტა ხნის შემდეგ აშილ მიურატი თავის საზაფხულო რეზიდენციაში, სოფელ ჭკადუაშში, გარდაიცვალა. ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებული რეპორტაჟები იუწყებოდნენ, რომ მისი სიკვდილი თავის ტვინში სისხლის ჩაქცევამ გამოიწვია, მაგრამ აგორებული ჭორები ხანძარსა და მიურატის სიკვდილს შორის პირდაპირ კავშირზე მიანიშნებდნენ. პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი პუბლიკაცია ხანძრის გაჩენაში თავად სალომეს ადანაშაულებდა, თითქოს მის მიზანს დაზღვევის თანხის მიღება წარმოადგენდა, ხოლო სხვები მიიჩნევდნენ, რომ ამ ბრალდებებით შეძრულმა მიურატმა თავი მოიკლა.
დედოფლის სასახლე
1873 წელს, დედოფლის ცნობილი სასახლის (ეკატერინეს სასახლის) მშენებლობა დაიწყო. მისი დაპროექტება ედვიგ იაკობ რაისს მიეწერება. ეს არის საუკეთესოდ შემონახული ნაგებობა, რომელიც დადიანის სამეფო პატრონაჟით აშენდა და დღეს მასში დადიანების სასახლე-მუზეუმი ფუნქციონირებს. გარეგნულად იგი ყირიმში მდებარე ალუპკის სასახლეს წააგავს. ორივე ეს შენობა ნეოგოთურ სტილშია აგებული, ხოლო მათი მასშტაბები მონუმენტურ ზომებს აღწევს. მთლიანობაში, ისინი ინგლისურ ციხე-კოშკებს გვაგონებს, ოდნავ აღმოსავლური იერით. უდიდესი ყურადღება მიექცა სასახლის შიდა გაფორმებას, რომელშიც ქართული, რუსული და პარიზული სტილია შერწყმული. სასახლე აგრეთვე შეიცავს ინგლისური სტილის სამსართულიან კოშკს, რომელიც ქალწულის კოშკის სახელით არის ცნობილი. მასში ინახება სამოსელი, რომელიც, გადმოცემით, ქალწულ მარიამს ეკუთვნოდა.
შიდა ეზოს აივანი, ე.წ. დედოფლის აივანი, რომელიც მთელ შენობას ერტყმის გარს, ხისგან არის დამზადებული. იგი ხის 51 მასიურ ბოძს ეყრდნობა და მას, ყოველგვარი ლურსმნების გარეშე, თავისივე სიმძიმე აკავებს. მისი ორნამენტები 50000-ზე მეტ მცირე ზომის ინკრუსტაციას შეიცავს. 1980 წელს აივანს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას ადრინდელი ბრწყინვალება ნაწილობრივ დაუბრუნდა.
თავის დროზე დედოფლის სასახლე არა მხოლოდ მთავრისა და დედოფლის მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა, არამედ მასში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ბიბლიოთეკა, მუზეუმი და სამხედრო უწყება იყო განთავსებული. მის ჭერქვეშ ხელოვნების ძვირფას ნიმუშებთან ერთად ისტორიული, არქეოლოგიური და პალეოგრაფიული საგნები ინახებოდა.
ნიკო დადიანის სასახლე
დავითისა და ეკატერინეს ვაჟის, ნიკოს, სასახლე 1880–იან წლებში დედოფლის სასახლის მომიჯნავედ რუს არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის ნახაზების მიხედვით აიგო. ვასილიევმა, რომელმაც ოსტატურად შეძლო ქართული ინტერიერისა და რუსული ექსტერიერის შერწყმა, საბოლოო ჯამში შექმნა არქიტექტურის ნიმუში, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურებოდა.
ამ სასახლეს ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. აქ ხშირად იმართებოდა სალონური შეხვედრები, რომლებზედაც ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყრიდნენ თავს, ხოლო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ეს სალონი საქართველოს კულტურული ცხოვრების წამყვან ცენტრად იქცა.