Monday, May 30, 2011

ილია და სამეგრელო



www.google.ge

თენგიზ ვერულავა – “სამეგრელოს ეტიმოლოგია”

1. ეგროსი
       მარი ბროსე წერს: “თავდაპირველად, ეგროსი – ზეპირ გადმოცემით – ძმა ქართლოსისა – დაესახლა მდინარის ოირად, რომელსაც დაერქვა მისი სახელი ეგრისი, ეხლანდელი ენგური. ეგროსისაგან წარმოსდგა სრულიად კანონიერად წარმოებული სახელწოდება მეგრელისა”.
2. ეგური
       სამეგრელოს უძველეს სახელწოდებად ძველ ქართულ წყაროებში დადასტურებულია ეგური: “მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა”.
         ტოპონიმი ეგური დღეისათვის შემონახულია ჰიდრონიმში ენგური, რომლის ძველი ფორმა იყო ეგური: “სამხრეთით მდინარე რიონი, გურია-ოდიშს შორის, და კუალად ეგურის მდინარის შესართავს დასავლეთი შავი ზღვა”.
         “ეგური ტოპონიმია…, ქვეყნის სახელია და ნიშნავს “სამეგრელოს”, “დასავლეთ საქართველოს”. ის მნიშვნელობით იგივეა, რაც ხმოვნის რედუქციით მისგანვე მომდინარე – შუალობით ან უშუალოდ – უფრო გვიანდელი ეგრ-ი (=ეგურ-ი) და ამ უკანასკნელისაგან ნაწარმოები – შედარებით მოგვიანო, თუმცა თავასთავად ძალიან ძველი – ეგრ-ის-ი (=ეგრ+ის-ი)”.
        ს. ჯანაშიას აზრით, ამ ქვეყნის (ეგრ-ის-ი) ფუძიდან (“ეგრ”) ნაწარმოებია მ-ეგრ-ელ-ი, ისევე როგორც მეგვიპტელი –ეგვიპტიდან, მაწყვერელი – აწყვერიდან და ა. შ.(5). “იგივე ფუძე, სხვა ახმოვანებით, აწარმოებს ადგილობრივს “მ-არგ-ალ”-ს (თავდაპირველ მ-აგრ-ალ-იდან), აფხაზურ აგრ-უა-ს, ძველ სომხურ ეგერ-აცი-ს”.
     კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ. წ. 100-178 წწ.) თავის გეოგრაფიაში ასახელებს “მანრალებს”, რაც ცხადია იგივე “მეგრელების”, ან ადგილობრივი “მარგალის” ფორმაა. იგი წერს: “კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები, ზევით მდებარე ადგილებში მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი”. ამ ცნობაზე დაყრდნობით, ლაზები ზღვის პირას ბინადრობენ, ხოლო მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი – ზღვისგან მოშორებით, “ზევით მდებარე ადგილებში”.
      VII ს. “სომხური გეოგრაფია” “მანრალებს” მანრილების სახელწოდებით ასახელებს. VII ს. “სომხური გეოგრაფიის” მოკლე რედაქცია გადმოგვცემს: ”კოლხეთი (კოლქის) არის იგივე ეგრისი (ეგერ)… და შეიცავს ეგრისი ოთხ მცირე ქვეყანას: მანრილი, ეგრევიკა, ლაზივი, ჭანეთი, რომლებიც არიან ხალდები”. აშკარაა, რომ VII ს. “სომხური გეოგრაფიის” ავტორს გამოყენებული აქვს კლავდიოს პტოლემაიოსის “გეოგრაფიული სახელმძღვანელო”. “სომხურ გეოგრაფიაში” მოხსენიებული “მანრილი” პტოლემაიოსის “მანრალებია”, ხოლო “ეგრევიკი” – იგივე “ეკრიკტიკეა”.
ქართველი ისტორიკოსები ანტიკური წყაროების სახელწოდება “მანრალს” უკავშირებენ “ეგრ” ძირს, საიდანაც წარმოსდგება ეთნიკური სახელწოდება “მარგალი” (“მეგრელი”) და ქვეყნის სახელწოდება “ეგრისი”
         დ. მუსხელიშვილი, კლავდიოს პტოლემაიოსისა და სომხური წყაროს (VII ს. სომხური გეოგრაფია) ცნობების ანალიზის საფუძველზე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ “მანრალები”, “მანრილები” იგივე “მაგრალების” ტომია და მათ “დასავლეთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთ პროვინციის, ივერიის მომიჯნავე არგვეთის” ტერიტორიაზე ათავსებს.
3. ეგერი
ძველ სომხურში სამეგრელოს სახელად დასტურდება ე-გერ-ი
მარი ბროსე წერს: “ამ მხარეს სომხის ძველი მწერლები უწოდებენ ეგერ, ეგერაცტან და იქ მყოფთ ეგერაცად”.
4. გერი – მგლის ტოტემური სახელი
ე-გურ-ი, ე-გერ-ი დაკავშირებულია მგლის ტოტემურ სახელთან გერ-ი.
ტერმინ ე-გერ-ის ძირი თანხვდება მეგრულ ენაზე სიტყვა მგელს (გერ-ი).
5. მზე
ბასკები თავიანთ ქვეყანას “ეგუს სკალდუნს” უწოდებენ. “ეგუს’ ბასკურად მზეს ნიშნავს, ხოლო “სკალდუნ’ ამომავალი მზის ქვეყნიდან წარგზავნილს. აია კოლხეთი ამომავალ მზის ქვეყნად მიაჩნდათ ძველად.
თუ ბასკურ ენაში არსებულ სიტყვას “ეგუს” მზეს ნიშნავს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ასევე ყველა სიტყვები, როგორიცაა: ეგვიპტე, ეგეოსი, ეგეიდა, ეგრისი, ყველანი მზესთან არიან დაკავშირებულნი და ერთი ენობრივი ოჯახიდან აქვთ ამოსავალი.
 burusi.wordpress.com

იაკობ გოგებაშვილი – მეგრელები


       მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება… შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში… მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით… გაბედულებითაცმეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება… და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა.ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან…”.
 

Friday, May 20, 2011

სამეგრელო

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.


www.ka.wikipedia.org