მარტვილი (ძველი სახელწოდება - ჭყონდიდი) — ქალაქი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აბაშისწყლის ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და ეწოდებოდა ”გეგეჭკორი”. მოსახლეობა 20,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.მარტვილი (მონასტერი)
მარტვილი, შუა საუკუნეების ქართული მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქალაქ მარტვილში. სიტყვა მარტვილი ბერძნულია, ნიშნავს წამებულს. ძვ. დასახლებული პუნქტის, მარტვილის, თავდაპირველი სახელწოდება იყო ჭყონდიდი. VII საუკუნის I ნახევარში აქ მარტვილთა სახელზე ააგეს ეკლესია - ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. X საუკუნეში დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო - კათედრალი მარტვილი გვიანდელი შუა საუკუნეებში ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა გახდა და მარტვილი მხოლოდ დასახლებულ პუნქტის (დამოწმებულია XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან) სახელად დარჩა. მარტვილში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაჩაღებული. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი(X ს.), იოანე ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე (XI ს.), გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI-XII სს.), ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი, რომანოზ მესვეტე (XIX ს.) და სხვა. მარტვილის ხელნაწერთა კოლექცია დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. ინტერიერი სხვადასხვა დროს (XVI-XVII სს.) არის მოხატული. ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია (დაახლოებით X ს.).